



ხილის ხილი, ასე უწოდებს ვაშლს ზოგიერთი ხალხი. ვაშლის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს ბიბლიაც, მოგეხსენებათ რამხელა როლი ითამაშა მან ადამ და ევას ცხოვრებაში.
ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს, მჟავებს, პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა. ვაშლით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ხილში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.
ამბობენ, რომ მჟავე ვაშლი ტკბილზე სასარგებლოა. ანტონოვკის ტიპის ვაშლებში გაცილებით მეტია C ვიტამინი, ვიდრე ტკბილ ჯიშებში. ყვითელი ან წითელი ჯიშის ვაშლი გამოირჩევა კალიუმის მაღალი შემცველობით, რაც ძალზე სასარგებლოა გულის დაავადებისა და არტერიალური წნევის შემთხვევებში. ალერგიულებს უფრო მწვანე ვაშლი გამოადგებათ, რადგან იშვიათად იწვევს ალერგიულ დაავადებებს. უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიირთმევთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება.
ვაშლი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე და მარილი გამოაქვს. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჟავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.