



ხიზილალის (თევზის ქვირითის) თითოეული მარცვალი თევზის ჩანასახისთვის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად, მასში კონცენტრირებულია სასიცოცხლოდ აუცილებელი უამრავი ვიტამინი და სხვა ნივთიერება. ჩვენ ხიზილალას ერთმანეთისგან ფერით განვასხვავებთ, სპეციალისტები კი - თევზის სახეობის მიხედვით. ამის კვალობაზე, გამოყოფენ ზუთხისებრთა და ორაგულისებრთა ხიზილალას. ყველაზე ღირებულია ზუთხისებრთა ოჯახის ხიზილალა.
წითელი ხიზილალის წარმოება პირველად იაპონელებმა დაიწყეს XX საუკუნეში. მის სასარგებლო თვისებებს არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ხალხური მედიცინა მას რეკომენდაციას უწევს სისხლნაკლებობის, ჭარბი წონისა და წონის დეფიციტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა და სიმსივნური დაავადებების დროს. ხიზილალას ოფიციალური მედიცინაც უძვირფასეს, მეტად ღირებულ და მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტად აღიარებს.
წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას და მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევს. ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბევრ ვიტამინსა და სხვა ნივთიერებას - პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია სისხლძარღვებისა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.
ხალხური მედიცინა ამ პროდუქტს დავრდომილთა და დაუძლურებულთა გამაჯანსაღებელ საშუალებად მიიჩნევდა. დღეს ხიზილალა საკმაოდ ძვირია, ასე რომ, რჩევამ "აუცილებლად მიირთვით ხიზილალა" ბევრი შეიძლება გააღიზიანოს. ერთი რამ კი უთუოდ უნდა ითქვას: ხიზილალა აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ბავშვების რაციონში!