



ხელების სწორი მოვლა
ლამაზი ხელები ყველა ადამიანისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია. ხელების საშუალებით შეიძლება გავიგოთ ადამიანის ხასიათი, თავისებურებები და ზოგჯერ ბედისწერაც კი…
ხელებს სათუთი მოვლა სჭირდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად სჯობს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ.
იმისათვის, რომ ხელების კანი იყოს მუდამ ნაზი და ხავერდოვანი, დაიცავით შემდეგი წესები:
- კანი რომ გამოშრობის, დასკდომისა და გაუხეშებისგან დაიცვათ, მოერიდეთ ცხელ და ძალიან ცივ წყალს. გამოიყენეთ მხოლოდ თბილი წყალი;
- ყინვისას გარეთ თბილი ხელთათმანების გარეშე ნუ გახვალთ;
- ულტრაიისფერი სხივები აზიანებს და აბერებს კანს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემების ხმარება;
- იმისათვის, რომ იდაყვებთან კანი არ გაუხეშდეს, გაიკეთეთ თბილი მცენარეული ზეთის აბაზანები. ჩაასხით ზეთი პატარა ლამბაქებში და ჩაყავით იდაყვები 5 წუთით, შემდეგ გაიხეხეთ პემზით და წაისვით ნებისმიერი მკვებავი კრემი; შხაპის მიღების დროს კი იდაყვები ქისით გაიხეხეთ, კარგად გაიმშრალეთ და კრემი წაისვით.
- არ დაგავიწყდეთ ხელის დაბანის შემდეგ კრემის წასმა, საღამოს კი - კონტრასტული აბაზანა.
არსებობს მრავალი ტიპის კრემი: დამატენიანებელი, დამარბილებელი, მკვებავი, დამცავი და ა.შ. თითოეულ თითს ყოველი მხრიდან უნდა წაუსვათ კრემი. ხელისგულზე კრემის წასმა არ არის აუცილებელი. ძალიან კარგ შედეგს იძლევა საღამოობით ხელების თბილი წყლის ნაკადის ქვეშ ჯაგრისით გახეხვა და შემდეგ ხელის კრემის შეზელა.