ქაცვი და მისი სასარგებლო თვისებები

ქაცვი ბუჩქოვანი მცენარეა და გავრცელებულია მთელ საქართველოში. მას ქართლში კატაფშატას ეძახიან, რაჭაში – ტუნირას, გურიაში – ყვავტყემალას.

ქაცვის ნაყოფისაგან ამზადებენ ზეთს, რომელიც წარმოადგენს ნარინჯისფერ, გამჭვირვალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი.   მას აღენიშნება რეგენერაციის მასტიმულირებელი, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, ამიტომ იგი ფართოდ გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად, დამწვრობის, ნაწოლების და კანის სხივური დაზიანების შემთხვევაში. ქაცვის ზეთის გამოყენება ძალიან ეფექტურია ფლეგმონური აკნეს მკურნალობაში; გინეკოლოგიაში ფართოდ გამოიყენება კოლპიტებისა და საშვილოსნოს ყელის ეროზიების მკურნალობაში. რეკომენდირებულია ქაცვის ზეთით 15წთ–იანი ინჰალაცია ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა (ჰაიმორიტის, ლარინგიტის, ფარინგიტის, სინუსიტის) როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობის თვალსაზრისით. მკურნალობის კურსი შედგება 10 პროცედურისაგან.

ქაცვის ზეთი მდიდარია პოლივიტამინებით, მასში დიდი რაოდენობით არის „B“ ჯგუფის,    A, E, C, და P ვიტამინები, სეროტონინი და კაროტინი რაც ძირითადად განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს.

ქაცვისაგან დამზადებული შიგნით მისაღები ფორმები განაპირობებენ ღვიძლში ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებას და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.

საოჯახო პირობებში შესაძლებელია ქაცვის ზეთის დამზადება. კერძოდ, ნედლი ნაყოფებისაგან გამოწურავენ წვენს. დარჩენილ მასას დააქუცმაცებენ და დაასხამენ თერმოსში მცენარეულ  ზეთს  1:2–თან შეფარდებით. ზეთი 600 გრადუსამდე უნდა იყოს გაცხელებული. ქაცვის ზეთის მოსამზადებლად საჭიროა 1დღე–ღამე. ქაცვის ნაყოფების გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1,5 ან 1:2–თან შეფარდებით და იყენებენ  როგორც ვიტამინიზირებულ საკვებს.