ლეღვი და მისი სასარგებლო თვისებები
ლეღვი სუბტროპიკული მცენარეა თუთისებრთა ოჯახიდან. მისი სიმაღლე 4-12მ–ს აღწევს. ნორჩი მომწვანო ნაცრისფერია, რომელიც შეიცავს რძე – წვენს. ლეღვი ნიადაგისადმი დიდ მოთხოვნილებებს არ იჩენს. იგი კარგად ეგუება მშრალ და ქვაღორღიან ადგილებს.  ღრმა ნიადაგზე ზომიერად ტენიან პირობებში საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს. იგი უფრო მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურისადმი და 12-14 გრადუსზე უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე ნაწილობრივ ზიანდება. ცოცხლობს 100-200 წელი.

იგი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, მცირე აზიას ირანსა და ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთში, თურქეთში, ალჟირსა და აშშ–ში.

წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში კი ასე არ არის. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისათვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისათვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს. კერძოდ, მასში დიდი რაოდენობით არის  B, A და C  ვიტამინები. ასევე იგი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს და ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამოდენიმე ხანი მზის ქვეშ დავდებთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%–საც კი მიაღწიოს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია. იგი განაპირობებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას, აძლიერებს მადას და ხელს უწყობს საკვების მონელებას. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ–ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის წყალს და მეტაბოლიზმის პროდუქტებს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. იგი შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც ეფექტურია თრომბოზების პროფილაქტიკის თვალსაზრისით. იგი ასევე სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს, სისხლნაკლებობის შემთხვევაში. ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, სასარგებლოა ბუასილის, ყაბზობის და კოლიტის დროს. იგი ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს.

რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და მბგერავი იოგების შეშუპების სამკურნალოდ.

ლეღვის ნაყოფი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს დაიწყეს ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება გარუჯვის მიზნით, რაც განაპირობებს კანის საფარველის დამწვრობის განვითარებას და ინტოქსიკაციას.