მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გადაეცემა ჰაერ–წვეთოვანი გზით და მათში გაერთიანებულ ინფექციებს ახასიათებთ სასუნთქი გზების კლინიკურად მსგავსი სიმპტომკომპლექსი.

ხელშემწყობი ფაქტორები ასეთი ინფექციების გავრცელებისა არის ჰაერის ტემპერატურის დაცემა, რომელიც იწვევს ორგანიზმის გაციებას, დასუსტებული იმუნური სისტემა, ხალხმრავალი ადგილები, ახლო კონტაქტი და დახურული სივრცეები.

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციებიდან განსაკუთრებულ პრობლემას ადამიანს უქმნის გრიპი, რომელიც პერიოდულად იღებს ენდემიის და პანდემიის სახეს. გრიპის ვირუსი არის სამი ტიპის A, B და C. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურული რეაქცია, სახსრების და თავის ტკივილი, ხველა. იგი შეიძლება გართულდეს ჩირქოვანი ანგინით, ბრონქიტით, პნევმონიით და სხვა ბაქტერიული დაავადებებით.

გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.

რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.

გრიპის ვირუსის პროფილაქტიკისათვის საჭიროს ორგანიზმის გაკაჟება, „C“ ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება, პანდემიების და ენდემიების დროს ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, პირბადის გამოყენება და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მინის ზღუდარის გამოყენება.