როგორ ავიცილოთ თავიდან გულძმარვა

გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. ეპიზოდური გულძმარვა საშიში არ არის, ქრონიკული კი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად იქცეს.

დადგენილია, რომ საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითებას ხელს უწყობს ზოგიერთი საკვები - პომიდორი, ციტრუსები, ნიორი, ხახვი, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელი (კოლა), ცხარე და ნოყიერი კერძები. გულძმარვა შეიძლება ზოგიერთმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სტრესი ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის ჭარბ პროდუქციას და, შესაბამისად, გულძმარვას, თამბაქოს წევა კი აძლიერებს მჟავა წვენის წარმოქმნას და აქვეითებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.

პირში უსიამოვნო გემო, ქრონიკული ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე... თუ ყოველ დილით ამ ჩივილებით იღვიძებთ, დიდია ალბათობა, ღამით კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში უკუამოიტყორცნებოდეს. ეს არღვევს ძილს და აუარესებს შრომის უნარს. თუ აღწერილი სიმპტომები გეცნოთ, თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება მარტივი ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ღამის გულძმარვის ეპიზოდები გავაიშვიათოთ.

ამისთვის გამოიყენება ანტაციდები – პრეპარატები, რომლებიც საყლაპავ მილში მოხვედრილ მჟავას აქრობენ და კუჭში მჟავიანობას ამცირებენ. თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით. ყველაზე კარგად ეხმარება რძე, ნაღები, ხაჭო, ფაფა, კვერცხი და სხვა პროდუქტები. მთავარია, საკვები არ იყოს მჟავე, მწარე, ცხარე და მარილიანი.

გულძმარვის თავიდან ასაცილებლად: ხშირად და მცირე ულუფობით ჭამეთ, საჭმელთან ერთად პატარა ყლუპობით დალიეთ წყალი. ის საყლაპავი მილის კედლებიდან მჟავიანობას ჩამორეცხავს; დალიეთ უგაზო მინერალური წყალი; ქამარს მაგრად ნუ შემოიჭრთ; მოერიდეთ ცხარე, ცხიმიან და სანელებლებიან კერძებს; გვიანი ვახშმის შემდეგ დასაძინებლად მაშინვე არ დაწვეთ, არამედ მიზანმიმართულად დაჯექით, მაგალითად, ტელევიზორის წინ ან სავარძელში წიგნით ხელში (უმჯობესია, ძილის წინ საერთოდ არ ჭამოთ).