ბულგარული წიწაკა და მისი სასარგებლო თვისებები ადამიანის ორგანიზმისათვის
ბულგარული წიწაკა თავისი მდიდარი შემადგენლობით ფასდაუდებელი ბოსტნეულია. ეს არაჩვეულებრივი ბუნებრივი „პოლივიტამინური“ პრეპარატი თვით ბუნებამ შექმნა. თუმცაღა ბულგარული წიწაკის სამშობლოა ამერიკა, სადაც იგი ბუჩქებად ხარობს, მას ეწოდება ბულგარული, რაც დღემდე გაურკვეველია. სელექციონერებმა მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად არაერთი ჯიში გამოჰყვეს. მათი გარჩევა ჩვენ მხოლოდ ფერითა და (ყვითლიდან დაწყებული ყავისფერი ფერის ჩათვლით) ფორმით შეგვიძლია.

ბულგარული წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას (1-2 წიწაკაში არის C ვიტამინის ყოველდღიური საჭირო დოზა); განსაკუთრებით იგი დიდი რაოდენობითაა ნაყოფის ყუნწის სიახლოვეს. C ვიტამინის შემცველობით იგი მართლაც რომ რეკორდსმენია. ამ თვალსაზრისით იგი ლიმონსა და მოცხარს 3-ჯერ აჭარბებს, ასევე მდიდარია P ვიტამინით, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს სისხლძარღვის კედლებს და ზრდის მათ ელასტიურობას. იგი ასევე ჭარბად შეიცავს კაროტინს და B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, რკინას, იოდს, კალციუმს და მაგნიუმს.

წიწაკაში უხვადაა კაროტინი (წითელ ნაყოფში სამჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში) მასში ასევე შედის გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, ცილები, ცხიმები. მისთვის დამახასიათებელ და საუცხოო გემოს განაპირობებს ალკალოიდი – კაპსაიცინი.

სწორედ მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები განაპირობებენ ადამიანისათვის ბევრ კარგ სარგებელს. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ხოლო ვიტამინების მრავალფეროვნება ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრებას და ზრდის მათ ელასტიურობას. ასტიმულირებს თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების სტრუქტურას. განაპირობებს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას და განახლებას. ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ასევე დეპრესიული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. იგი ასევე არის მადისაღმძვრელი საშუალება. ძალზედ სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივ შრომას ეწევა, როგორც მამაკცის, ასევე ქალის ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას. გაციების დროს შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პროფილაქტიკური საშუალება.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი მიღება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ გამოირიცხოს. კერძოდ ესენია:

  • გულის იშემიური დაავადება;
  • ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგია;
  • კუჭის წყლულოვანი დაავადება ან კუჭის სხვა ჰიპერაციდული მდგომარეობები.